
როგორ მოვიხმაროთ პანანგინი? - ანოტაცია და გვერდითი მოვლენები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტისა კარდიოლოგიაში, რომელიც გამოიყენება ორგანიზმში კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტის შესავსებად. ეს ბლოგი დაგეხმარებათ გაერკვეთ პრეპარატის მახასიათებლებში, სწორად დოზირების წესებსა და უსაფრთხოების ნორმებში.
მცირედი ფიზიკური დატვირთვაც კი სუნთქვის უკმარისობამდე მიდის, მარტივად იღლებით, წნევის ცვალებადობაც გაწუხებთ? - შესაძლებელია, კალიუმისა და მაგნიუმის ნაკლებობასთან გქონდეთ საქმე. ეს ორი მინერალი უზრუნველყოფს კუნთების ჯანმრთელობას, ხოლო მათი დეფიციტი პირდაპირ კავშირშია გულს-ისხლძარღვთა პრობლემებთან. სწორედ ამ დეფიციტის შესავსებად და გულის კუნთის (მიოკარდიუმის) მუშაობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება პრეპარატი პანანგინი.
ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ პანანგინი, ანოტაცია რას გვეუბნება, რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე და ა.შ. - რათა გქონდეთ სრული წარმოდგენა ამ მედიკამენტის შესახებ.
პანანგინი არის კომბინირებული ტიპის პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალიუმის ასპარაგინატსა და მაგნიუმის ასპარაგინატს. იგი მიეკუთვნება მინერალური დანამატების ჯგუფს. პრეპარატი ხელს უწყობს უჯრედებში ელექტროლიტების დონის აღდგენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გულის ნორმალურ რიტმში მუშაობისა და სისხლძარღვების ელასტიურობისთვის.
პანანგინი აფთიაქებში ძირითადად ორი ფორმით გვხვდება:
ტაბლეტები: მოსახერხებელია ხანგრძლივი თერაპიისთვის.
საინექციო ხსნარი (ამპულები): გამოიყენება მწვავე შემთხვევებში ან როდესაც საჭიროა პრეპარატის სწრაფი მოქმედება.
პანანგინის საინექციო ხსნარი შეიცავს 400 მგ კალიუმის ასპარაგინატს და 452 მგ მაგნიუმის ასპარაგინატს 10 მლ-იან ამპულაში. ხოლო მისი ტაბლეტი 140მგ მაგნიუმის ასპარაგინატსა და 158 მგ - კალიუმის ასპარაგინატს.
რატომ არის კალიუმისა და მაგნიუმის კომბინაცია ასეთი ეფექტური? პირველ რიგში, განვიხილოთ კალიუმის როლი. ელემენტი კალიუმი არის ძირითადი უჯრედშიდა კათიონი. ის მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვასა და გულის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში. კალიუმის ნაკლებობამ (ჰიპოკალემიამ) შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია და სხვადასხვა სახის არითმია.
რაც შეეხება მაგნიუმის როლს - მაგნიუმი მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. ის აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის, ცილების სინთეზისთვის და გენეტიკური მასალის სტაბილურობისთვის. გულის შემთხვევაში, მაგნიუმი მოქმედებს როგორც "ბუნებრივი კალციუმის ბლოკატორი", რაც გულის კუნთს ეხმარება მოდუნებაში და ხელს უშლის სპაზმების წარმოქმნას.
ასპარაგინატი, როგორც გადამტანი, ხელს უწყობს ამ იონების შეღწევას უჯრედის შიგნით, სადაც მათი მოქმედება ყველაზე მეტად არის საჭირო.
როდის უნდა მივიღოთ პანანგინი? ანოტაცია მიუთითებს, რომ პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის დროს, შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში:
გულის ქრონიკული უკმარისობა: გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად და დატვირთვის შესამცირებლად.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი: გულის კუნთის აღდგენის პროცესის დასაჩქარებლად.
გულის რიტმის დარღვევები (არითმიები): განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არითმია გამოწვეულია ელექტროლიტური დისბალანსით.
სათითურას (დიგიტალისის) პრეპარატებით გამოწვეული ინტოქსიკაცია: პანანგინი ამცირებს ამ წამლების გვერდითი მოვლენების რისკს.
საკვები რაციონით კალიუმისა და მაგნიუმის არასაკმარისი მიღება: ორგანიზმის საერთო მოძლიერებისთვის.
ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ პანანგინი ხშირად ინიშნება მათთვის, ვინც იღებს შარდმდენ (დიურეზულ) საშუალებებს, რადგან ეს უკანასკნელნი ხშირად კალიუმს ორგანიზმიდან გამოდევნიან.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული გაიდლაინები და საერთო წესები მოხმარების შესახებ, უნდა გვახსოვდეს - ამ პრეპარატის დოზირება მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ის აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითნებურ მკურნალობას უნდა მივყოთ ხელი. თუკი თვლით, რომ პანანგინის მიღება გჭირდებათ, გაესაუბრეთ ამის შესახებ სპეციალისტს და მხოლოდ მისი რეკომენდაციის შემდეგ დაიწყეთ წამლის დალევა.
როგორ გამოიყენება სხვადასხვა ფორმის პანანგინი? საინექციო ხსნარის გამოყენება (ამპულების სახით) ხდება ინტრავენურად, ანუ პანანგინის ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ვენაში შესაყვანად. ჩვეულებრივ დოზაა 1-2 ამპულა დღეში ერთხელ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ინექცია უნდა გაკეთდეს ძალიან ნელა (არაუმეტეს 20 წვეთი წუთში), რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპერკალემიის ან ჰიპერმაგნიემიის განვითარება. ამპულის შიგთავსს, როგორ წესი, ხსნიან 50-100 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში.
რაც შეეხება ტაბლეტების გამოყენებას - ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივი დოზაა 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. თუმცა, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტების მიღება რეკომენდირებულია ჭამის შემდეგ, რადგან კუჭის მჟავე გარემომ შეიძლება შეამციროს მისი ეფექტურობა.
მიუხედავად იმისა, რომ პანანგინი ვიტამინების მსგავს პრეპარატად აღიქმება, მას გააჩნია სერიოზული უკუჩვენებები:
თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა: თირკმელები ვერ ახერხებენ ჭარბი კალიუმის გამოდევნას, რაც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.
ადისონის დაავადება: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
ჰიპერკალემია და ჰიპერმაგნიემია: როდესაც ორგანიზმში ისედაც ჭარბადაა ეს მინერალები.
გულის ბლოკადა (AV ბლოკადა, III ხარისხის): გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს უდგას კარდიოსტიმულატორი.
კარდიოგენული შოკი: როდესაც არტერიული წნევა ძალიან დაბალია.
გარდა ამისა, მედიკამენტი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან მისი მოქმედება ამ კატეგორიის პაციენტებში გამოკვლეული არ არის.
შესაძლო გვერდითი მოვლენები, ცხადია, ამ პრეპარატსაც გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ პანანგინი ჩვეულებრივ კარგად აიტანება და შეიწოვება ორგანიზმში, იშვიათად მაინც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაში გამტარობის დარღვევა (ვენაში სწრაფი შეყვანისას).
ნერვული სისტემა: პარესთეზია (კანზე ჭიანჭველების ცოცვისმაგვარი შეგრძნება), კუნთების სისუსტე.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ - თუ ინექციის დროს, ან ტაბლეტის მიღების შემდეგ, იგრძნობთ სახის წამოხურებას ან თავბრუსხვევას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტები განსხვავებულად ზემოქმედებს ერთმანეთზე. სწორედ ამიტომ, რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულად მიღებისას სიფრთხილეა საჭირო. როცა საქმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ეხება, კიდევ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. პანანგინის მიღებისას განსაკუთრებული დაკვირვებაა საჭირო, თუ პარალელურად იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
კალიუმდამზოგავი დიურეტიკები (მაგ: სპირონოლაქტონი): იზრდება ჰიპერკალემიის რისკი.
აგფ-ინჰიბიტორები (წნევის წამლები): მათ ასევე შეუძლიათ ორგანიზმში კალიუმის შეკავება.
ტეტრაციკლინები და რკინის პრეპარატები: მაგნიუმი აფერხებს მათ შეწოვას (რეკომენდირებულია 3-საათიანი ინტერვალი).
ნარკოზული საშუალებები: მაგნიუმმა შეიძლება გააძლიეროს მათი ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მოქმედება.
პანანგინის გამოყენებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება:
ერიდეთ ალკოჰოლს, რადგან მისი მიღება გამოდევნის მაგნიუმს ორგანიზმიდან, რაც პანანგინის ეფექტს ამცირებს. მკურნალობის პერიოდში უმჯობესია თავი შეიკავოთ ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობით მიღებისგან.
ორსულობა და ლაქტაცია - პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, როდესაც მისი დედისთვის მოტანილი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისა, თუ ჩვილისთვის არსებულ პოტენციურ რისკს.
პანანგინი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციასა და ავტომობილის მართვის უნარზე - ამიტომაც მისი მიღება მაშინაც შეგიძლიათ, როცა მანქანა-დანადგარებთან მუშაობთ, ან საჭესთან გიწევთ ჯდომა.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ნუ გამოიყენებთ ამპულას, თუ მასში შეამჩნევთ ნალექს ან სითხის ფერის ცვლილებას. ტაბლეტებისა და ამპულის შემთხვევაშიც აკონტროლეთ ვარგისიანობა - ვადაგასული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
პანანგინი არის სანდო და დროში გამოცდილი საშუალება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის. მისი როლი კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტის შევსებაში გადამწყვეტია არითმიების პრევენციისა და გულის კუნთის კვებისთვის.
როგორ უნდა მივიღოთ პანანგინი? ანოტაცია მხოლოდ გზამკვლევია და თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მხოლოდ პროფესიონალი მედიკოსი მიიღებს. ამიტომაც, თვითნებურად მედიკამენტის მიღება სწორი გზა არ არის. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში გაესაუბრეთ კარდიოლოგს, ჩაიტარეთ მის მიერ დანიშნული კვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მედიკამენტის მიღება.
თუ გაქვთ გულის ფრიალი, კუნთების კრუნჩხვები ან მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, შესაძლოა სწორედ იმ ელექტროლიტების ნაკლებობას განიცდიდეთ, რის დეფიციტსაც პანანგინი შეგივსებთ. ამიტომაც, არ გადადოთ ვიზიტი.
1. შეიძლება თუ არა პანანგინის მიღება პროფილაქტიკისთვის?
დიახ, განსაკუთრებით ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას, ძლიერი ოფლიანობის ან სტრესის დროს, თუმცა დოზირება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს.
2. რამდენ ხან უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსი?
ჩვეულებრივ, კურსი გრძელდება 3-4 კვირას, მაგრამ ექიმმა შეიძლება შეცვალოს ხანგრძლივობა ანალიზების საფუძველზე.