სს „გეფა“ - აფთიაქების ქსელი „GPC“, მობილური აპლიკაცია „MY GPC“, ვებგვერდი www.gpc.ge და ლოიალობის პროგრამა „ზღარბი“
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში - „პოლიტიკა“) განსაზღვრავს, როგორ ამუშავებს სს „გეფა“ (ს/ნ 201991229, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №24ა (შემდგომში - „ჩვენ“, „კომპანია“, „GPC“ ან „დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“) ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს.
1.2. პოლიტიკა ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (შემდგომში - „თქვენ“ ან „მონაცემთა სუბიექტი“), რომელიც: სარგებლობს პლატფორმით ან ჩვენი აფთიაქებით; მონაწილეობს ლოიალობის პროგრამაში; გვიკავშირდება ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით; იმყოფება ჩვენს ობიექტებზე ან მათ პერიმეტრზე; ან გვატყობინებს წამლის გვერდითი მოვლენის შესახებ. პოლიტიკა არ ვრცელდება ჩვენი დასაქმებულების მონაცემების დამუშავებაზე, რომელიც დამოუკიდებელი დოკუმენტით რეგულირდება.
1.3. პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ცალკეული მომსახურების, აქციის ან ღონისძიების მიმართ შესაძლოა დამატებით მოქმედებდეს სპეციალური შეტყობინება ან თანხმობის ფორმა, რომელიც ამ დამუშავების ნაწილში ავსებს წინამდებარე პოლიტიკას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1. პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში - „კანონი“) განსაზღვრული მნიშვნელობა, ხოლო ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს - შემდეგი მნიშვნელობა:
2.1.1. „პლატფორმა“ - მობილური აპლიკაცია „MY GPC“ და ვებგვერდი www.gpc.ge;
2.1.2. „ობიექტი“ - ჩვენ მიერ მართული აფთიაქი, სავაჭრო, სასაწყობო, საოფისე ან სხვა ფართი, მათ შორის მისი შესასვლელი, პერიმეტრი და ავტოსადგომი;
2.1.3. „ლოიალობის პროგრამა“ - ჩვენი ლოიალობის პროგრამა „ზღარბი“; „GPC Global“ - მომსახურება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოში არარეგისტრირებული ან დეფიციტური სამკურნალო საშუალების შეკვეთა; „პარტნიორი კომპანია“ - კომპანია, რომლის პლატფორმის მეშვეობითაც შესაძლებელია ჩვენი პროდუქციის შეძენა;
2.1.4. „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი“ - კანონით განსაზღვრული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
2.1.5. „პროფაილინგი“ - პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკური პირის გარკვეული მახასიათებლების შესაფასებლად, მათ შორის, მისი ეკონომიკური მდგომარეობის, პირადი ინტერესების, პრეფერენციების, სანდოობის, ქცევის, ადგილსამყოფელის ან გადაადგილების ანალიზისა და პროგნოზირებისთვის;
2.1.6. „მონაცემთა დეპერსონალიზაცია“ - მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს;
2.1.7. „პირდაპირი მარკეტინგი“ - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება საქონლის, მომსახურების, იდეის ან წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
2.1.8. „ვიდეომონიტორინგი“ და „აუდიომონიტორინგი“ - შესაბამისად, ვიზუალური ან ხმოვანი სიგნალის ტექნიკური საშუალებებით დაკვირვება, ჩაწერა ან/და შენახვა, კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით;
2.1.9. „მზა-ჩანაწერები“ (Cookies) - მცირე ზომის ტექსტური ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაში პლატფორმით სარგებლობისას;
2.1.10. „გვერდითი მოვლენა“ - სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენა.
II. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
მუხლი 3. დამუშავებული მონაცემები და მათი მოპოვების წყაროები
3.1. მონაცემებს ვიღებთ: (ა) უშუალოდ თქვენგან - რეგისტრაციის, შეკვეთის, ლოიალობის პროგრამაში ჩართვის, ჩვენთან კომუნიკაციის ან ობიექტზე ვიზიტისას; (ბ) ავტომატურად - პლატფორმით, ლოიალობის ბარათით ან ჩვენი სისტემებით სარგებლობისას; (გ) მესამე პირებისგან - პარტნიორი კომპანიებისგან, სადაზღვევო კომპანიებისგან, თქვენი წარმომადგენლის ან თქვენ სასარგებლოდ შენაძენის განმახორციელებელი პირისგან; (დ) საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან და კანონით დაშვებულ შემთხვევებში - საჯარო რეესტრებიდან.
3.2. დამუშავების მიზნიდან გამომდინარე, ვამუშავებთ მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს (ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):
3.2.1. საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი;
3.2.2. ანგარიშისა და ლოიალობის მონაცემები - ანგარიშის მონაცემები, ლოიალობის ბარათის ნომერი, სტატუსი, დაგროვებული და გამოყენებული ქულები;
3.2.3. ტრანზაქციული და ქცევითი მონაცემები - შეძენილი პროდუქცია, ბრენდი, კატეგორია, რაოდენობა, ფასი, შეძენის დრო, ადგილი და არხი, შეკვეთებისა და მიწოდების ისტორია, ანგარიშსწორების მეთოდი და გადახდის სტატუსი (საბანკო ბარათის სრული რეკვიზიტების გარეშე);
3.2.4. ტექნიკური მონაცემები - IP მისამართი, მოწყობილობის, ბრაუზერისა და ოპერაციული სისტემის მონაცემები, მოწყობილობის იდენტიფიკატორი, აპლიკაციის ვერსია, სესიისა და აქტივობის ჩანაწერები, მზა-ჩანაწერები;
3.2.5. საკომუნიკაციო მონაცემები - მიმოწერა, მიმართვები, საჩივრები, შეფასებები, კვლევებში გაცემული პასუხები, ჩატისა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტთან კომუნიკაციის ჩანაწერები, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები;
3.2.6. ვიდეო - და აუდიოჩანაწერები - ობიექტებზე/სატელეფონო კომუნიკაციის დროს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიღებული გამოსახულება ან/და ხმა;
3.2.7. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები - რეცეპტი, ფორმა №IV-100/ა, სამედიცინო დოკუმენტაცია, გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაცია;
3.2.8. სეგმენტაციისა და ანალიტიკური მონაცემები - ზემოაღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული სეგმენტი, პრეფერენციები, ინტერესები და პროგნოზული მაჩვენებლები.
3.3. ზოგიერთი მონაცემის მოწოდება აუცილებელია მომსახურების გასაწევად ან კანონიდან გამომდინარეობს (მაგ., რეცეპტით გასაცემი მედიკამენტისთვის - რეცეპტი). ასეთი მონაცემის მოწოდების გარეშე შესაბამის მომსახურებას ვერ გაგიწევთ. სხვა მონაცემების მოწოდება ნებაყოფლობითია, თუმცა უარმა შესაძლოა შეზღუდოს ცალკეული შესაძლებლობით სარგებლობა (მაგ., ქულების დაგროვება ან პერსონალური შეთავაზებები).
მუხლი 4. დამუშავების მიზნები
4.1. მონაცემებს ვამუშავებთ ჩვენი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული კანონიერი მიზნებისთვის, მათ შორის:
4.1.1. პროდუქციის რეალიზაცია, შეკვეთის მიღება, დამუშავება, მიწოდება და ანგარიშსწორება, მათ შორის, სადაზღვევო თანაგადახდის ადმინისტრირება;
4.1.2. ანგარიშის შექმნა, ავტორიზაცია, ვერიფიკაცია და მართვა; ლოიალობის პროგრამისა და GPC Global-ის მომსახურების განხორციელება;
4.1.3. თქვენთან კომუნიკაცია, მიმართვების, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვა, მომსახურების ხარისხის შეფასება და კვლევების ჩატარება;
4.1.4. პროდუქციის, მომსახურების, ასორტიმენტისა და პლატფორმის განვითარება და გაუმჯობესება, ანალიტიკა, სეგმენტაცია და პროფაილინგი;
4.1.5. პერსონალური შეთავაზებები, აქციები, გათამაშებები და პირდაპირი მარკეტინგი;
4.1.6. პირთა, ქონებისა და ინფორმაციის უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოება, თაღლითობის, დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენცია და გამოვლენა;
4.1.7. ფარმაკოზედამხედველობა და სამკურნალო საშუალებების ხარისხთან, შენახვასა და გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება;
4.1.8. კანონით, მათ შორის, საგადასახადო, საბუღალტრო, ფარმაცევტული და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობით, დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნებზე რეაგირება;
4.1.9. ჩვენი ან მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთება, აუდიტი და შიდა კონტროლი;
4.1.10. საწარმოს რეორგანიზაცია, წილების ან აქტივების გასხვისება და მსგავსი კორპორაციული ტრანზაქციები.
4.2. მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს ასევე სხვა კანონიერი მიზნით, რომელიც თავსებადია მონაცემთა შეგროვების თავდაპირველ მიზანთან ან გათვალისწინებულია კანონით. მიზნის თავსებადობის შეფასებისას მხედველობაში ვიღებთ მიზნებს შორის კავშირს, მონაცემთა ხასიათს, დამუშავების კონტექსტს, თქვენთვის შესაძლო შედეგებს და დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას.
მუხლი 5. დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
5.1. მონაცემებს ვამუშავებთ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ან რამდენიმე საფუძვლით, მათ შორის, როდესაც: (ა) დამუშავება აუცილებელია თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნით მის დასადებად; (ბ) დამუშავება აუცილებელია ჩვენთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; (გ) დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; (დ) დამუშავება აუცილებელია ჩვენი ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს თქვენი უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; (ე) დამუშავება აუცილებელია თქვენი ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; (ვ) მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია; (ზ) გაცემულია თქვენი თანხმობა; (თ) არსებობს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5.2. თქვენს თანხმობას ვეყრდნობით მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამას კანონი მოითხოვს ან სხვა საფუძველი არ არსებობს - მაგალითად, პირდაპირი მარკეტინგის, არასავალდებულო მზა-ჩანაწერების ან ცალკეულ შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისთვის. თანხმობის გამოხმობა არ მოქმედებს გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე და არ გამორიცხავს დამუშავების გაგრძელებას სხვა კანონიერი საფუძვლის არსებობისას.
5.3. მონაცემებს ვამუშავებთ როგორც ავტომატური, ისე ნახევრად ავტომატური და არაავტომატური საშუალებებით.
III. დამუშავების განსაკუთრებული შემთხვევები
მუხლი 6. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები
6.1. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ კანონით დაშვებული საფუძვლით - თქვენი წერილობითი თანხმობით ან, როდესაც დამუშავება აუცილებელია კანონით დაკისრებული მოვალეობის (მათ შორის, ფარმაკოზედამხედველობის და სამკურნალო საშუალებების გაცემის წესების) შესასრულებლად ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
6.2. GPC Global-ის მომსახურებით სარგებლობისას ან რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალების შეძენისას ვამუშავებთ წარმოდგენილ რეცეპტს, ფორმა №IV-100/ა-ს ან სხვა სამედიცინო დოკუმენტაციას. სხვა პირისთვის შეკვეთისას ადასტურებთ, რომ გაქვთ ამ პირის მონაცემების გადმოცემის უფლებამოსილება.
6.3. გვერდითი მოვლენის შეტყობინებისას მონაცემებს ამუშავებს ჩვენი ფარმაკოზედამხედველობის სამსახური. ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს პროდუქტის მწარმოებელს/სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს და უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, ძირითადად დეპერსონალიზებული სახით (ინიციალები, ასაკი, სქესი, კლინიკური ინფორმაცია). საკონტაქტო მონაცემებს ვაზიარებთ მხოლოდ თქვენი თანხმობით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 7. პროფაილინგი, სეგმენტაცია და ავტომატიზებული დამუშავება
7.1. ლოიალობის პროგრამის, პერსონალური შეთავაზებებისა და ჩვენი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, პერიოდულად ვაანალიზებთ ჩვენთვის კანონიერად ხელმისაწვდომ მონაცემებს (მაგ., ასაკი, სქესი, შენაძენების ისტორია ბრენდის, კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მიხედვით, შეძენის სიხშირე, დრო, ადგილი და არხი, ლოიალობის სტატუსი, პლატფორმაზე აქტივობა) და ვახორციელებთ მომხმარებელთა სეგმენტაციასა და პროფაილინგს - თქვენი ინტერესების, პრეფერენციებისა და ქცევის შეფასებისა და პროგნოზირებისთვის.
7.2. პროფაილინგის შედეგებს ვიყენებთ, მათ შორის: ლოიალობის სტატუსისა და ბენეფიტების განსაზღვრისთვის; თქვენზე მორგებული შეთავაზებების მოსამზადებლად; ასორტიმენტის, ფასწარმოქმნისა და აქციების დასაგეგმად; თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის. პროფაილინგი ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის ან, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი თანხმობის საფუძველზე. პროფაილინგის შედეგზე დაფუძნებული პერსონალური მარკეტინგული შეთავაზებები იგზავნება მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით (მე-10 მუხლი).
7.3. პროფაილინგისას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.
7.4. თქვენ მიმართ არ ვიღებთ მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე, მათ შორის, პროფაილინგზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ ან მსგავსად მნიშვნელოვან შედეგს, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ადამიანის ჩარევა, გამოხატოთ თქვენი პოზიცია და გაასაჩივროთ გადაწყვეტილება.
მუხლი 8. მონაცემთა დეპერსონალიზაცია და ანალიტიკა
8.1. ვიტოვებთ უფლებას, მოვახდინოთ მონაცემთა დეპერსონალიზაცია და დეპერსონალიზებული ან აგრეგირებული მონაცემები გამოვიყენოთ სტატისტიკური, ანალიტიკური, კვლევითი და ბიზნეს-დაგეგმვის მიზნებისთვის, პროდუქციისა და მომსახურების განსავითარებლად, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მოდელებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების შესაქმნელად, დასატრენინგებლად და შესამოწმებლად.
8.2. დეპერსონალიზებული მონაცემი, რომლის საშუალებითაც შეუძლებელია თქვენი იდენტიფიცირება, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. შესაბამისად, ასეთი მონაცემის გამოყენება, შენახვა და გაზიარება (მათ შორის, პარტნიორებთან, მწარმოებლებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან) შესაძლებელია შენახვის ვადის შეზღუდვის გარეშე.
8.3. მონაცემთა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შესაძლოა გამოვიყენოთ ფსევდონიმიზაცია, დაშიფვრა და მსგავსი ტექნიკური საშუალებები.
IV. მონიტორინგი, მარკეტინგი და მზა-ჩანაწერები
მუხლი 9. ვიდეომონიტორინგი და აუდიომონიტორინგი
9.1. ჩვენს ობიექტებზე, მათ შორის, შენობის შიგნით, შესასვლელებთან, პერიმეტრზე და ავტოსადგომზე, ვახორციელებთ ვიდეომონიტორინგს დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის, საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მყოფი პრეპარატების) შენახვისა და გაცემის წესების დაცვის, მომსახურების ხარისხის კონტროლის, დავების განხილვისა და სხვა ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, იმ ფარგლებში, რომლებიც მიზნის ადეკვატური და პროპორციულია.
9.2. ვიდეომონიტორინგის შესახებ თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც შეიცავს შესაბამის წარწერას, გამოსახულებას და ჩვენს სახელწოდებასა და საკონტაქტო მონაცემებს. ვიდეომონიტორინგი არ ხორციელდება გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში და ისეთ სივრცეში, სადაც გაქვთ პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი.
9.3. ვიდეოჩანაწერები შესაძლოა დამუშავდეს პროგრამული საშუალებებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მხოლოდ აგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების მისაღებად (მაგ., მომხმარებელთა ნაკადი, დატვირთვა, რიგები). ასეთი ანალიზის შედეგი არ გამოიყენება კონკრეტული პირის იდენტიფიცირებისთვის, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
9.4. ცალკეულ შემთხვევებში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ვიტოვებთ უფლებას, თქვენი თანხმობით, ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში განვახორციელოთ აუდიომონიტორინგი, მათ შორის, ჩავწეროთ სატელეფონო საუბრები ცხელ ხაზზე. აუდიომონიტორინგის შესახებ გაცნობებთ წინასწარ ან მისი დაწყებისთანავე (მაგ., ხმოვანი შეტყობინებით ან გამაფრთხილებელი ნიშნით) და, ასეთის არსებობისას, განგიმარტავთ უარის თქმის უფლებას.
9.5. ვიდეო- და აუდიომონიტორინგის მიზანი, მოცულობა, ხანგრძლივობა, ჩანაწერების შენახვის ვადა, წვდომისა და განადგურების წესი განისაზღვრება ჩვენი შიდა წერილობითი აქტით. ჩანაწერებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს და წვდომის თითოეული შემთხვევა აღირიცხება. ჩანაწერები ინახება შიდა აქტით განსაზღვრული ვადით, ხოლო ინციდენტის, დავის ან უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის არსებობისას - მის დასრულებამდე. ვადის გასვლის შემდეგ ჩანაწერები იშლება ან ნადგურდება.
მუხლი 10. პირდაპირი მარკეტინგი
10.1. პირდაპირ მარკეტინგს (ინფორმაცია ახალი პროდუქციის, აქციების, ფასდაკლებების, გათამაშებების, სიახლეებისა და პერსონალური შეთავაზებების შესახებ) ვახორციელებთ მხოლოდ თქვენი წინასწარი, ცალკე გაცემული თანხმობით. სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის გარდა სხვა მონაცემების (მაგ., შენაძენების ისტორიის, სეგმენტისა და პრეფერენციების) გამოყენება პირდაპირი მარკეტინგისთვის ხორციელდება მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით. შეტყობინებები იგზავნება SMS-ით, ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ზარით, push-შეტყობინებით ან სხვა ელექტრონული არხით, მათ შორის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
10.2. თანხმობის გამოხმობის უფლებასა და მის მექანიზმს განგიმარტავთ თანხმობის მიღებამდე და მარკეტინგის განხორციელებისას. თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, უფასოდ, შეზღუდვისა და მიზეზის მითითების გარეშე - იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება, აგრეთვე პლატფორმის პარამეტრებიდან, შეტყობინებაში მითითებული მექანიზმით ან საკონტაქტო არხებით. პირდაპირ მარკეტინგს ვწყვეტთ მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. თანხმობის გაცემისა და გამოხმობის დრო და ფაქტი აღირიცხება და ინახება პირდაპირი მარკეტინგის ვადით და მისი შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა არ ზღუდავს პლატფორმით სარგებლობასა და შეკვეთის განთავსებას.
მუხლი 11. მზა-ჩანაწერები (Cookies)
11.1. პლატფორმა იყენებს აუცილებელ (პირველი მხარის) მზა-ჩანაწერებს ავტორიზაციის, სესიის, კალათისა და შეკვეთის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური პარამეტრების უზრუნველსაყოფად. მათი გამოყენება თქვენს თანხმობას არ საჭიროებს.
11.2. ანალიტიკური, ფუნქციური და სარეკლამო მზა-ჩანაწერებს, მათ შორის, მესამე მხარის ინსტრუმენტებს (მაგ., Google Analytics, Google Tag Manager, Firebase, AppsFlyer, Google Ads, Meta Pixel), ვიყენებთ მხოლოდ თქვენი თანხმობით, რომლის მართვაც შესაძლებელია პლატფორმის პარამეტრებიდან. მზა-ჩანაწერების წაშლა შეგიძლიათ ბრაუზერის ან მოწყობილობის პარამეტრებიდან; აუცილებელი მზა-ჩანაწერების დაბლოკვამ შესაძლოა შეაფერხოს პლატფორმის მუშაობა.
V. მონაცემთა გადაცემა, შენახვა და უსაფრთხოება
მუხლი 12. მონაცემთა გადაცემა
12.1. კანონიერი საფუძვლისა და მიზნის არსებობისას, მონაცემები შესაძლოა გადაეცეს შემდეგ პირებს (მონაცემთა მიმღებთა კატეგორიებს):
12.1.1. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ღრუბლოვანი სერვისების მიმწოდებლებს (მათ შორის, Amazon Web Services), პლატფორმის დეველოპერს, ხელოვნური ინტელექტის სერვისების მიმწოდებლებს, საკურიერო, ქოლ-ცენტრის, საფოსტო და შეტყობინებების გაგზავნის მომსახურების მიმწოდებლებს, ანალიტიკურ, სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიებს;
12.1.2. ფინანსურ და სადაზღვევო ორგანიზაციებს - ბანკებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, პარტნიორ მზღვეველებს;
12.1.3. ჩვენს ჯგუფში შემავალ ან დაკავშირებულ კომპანიებს და პარტნიორ კომპანიებს - შესაბამისი მომსახურების, ერთობლივი აქციების ან პროექტების განსახორციელებლად;
12.1.4. პროდუქტის მწარმოებლებს/სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელებს - ფარმაკოზედამხედველობისა და ხარისხის კონტროლის მიზნით;
12.1.5. აუდიტორებს, იურიდიულ და სხვა პროფესიულ კონსულტანტებს;
12.1.6. სახელმწიფო ორგანოებს, სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს და სხვა უფლებამოსილ პირებს - კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ჩვენი ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად;
12.1.7. რეორგანიზაციის, წილების ან აქტივების გასხვისების შემთხვევაში - სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს ან პოტენციურ შემძენს, კონფიდენციალურობის დაცვით.
12.2. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ჩვენი დავალებით, ხელშეკრულების ფარგლებში და მონაცემთა უსაფრთხოების სათანადო გარანტიების დაცვით.
12.3. ჩვენი ზოგიერთი მომსახურების მიმწოდებელი მონაცემებს ამუშავებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მონაცემთა სხვა სახელმწიფოში გადაცემა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით - თუ შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, გაფორმებულია მონაცემთა დაცვის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, არსებობს უფლებამოსილი საზედამხედველო ორგანოს ნებართვა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, მათ შორის, თქვენი თანხმობა.
მუხლი 13. მონაცემთა შენახვის ვადები
13.1. მონაცემებს ვინახავთ დამუშავების მიზნის მისაღწევად საჭირო ვადით ან კანონით დადგენილი ვადით. ვადის განსაზღვრისას მხედველობაში ვიღებთ მონაცემთა ხასიათს, კანონისმიერ მოთხოვნებს, ხანდაზმულობის ვადებს და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საჭიროებას. ძირითადი ვადებია:
მონაცემები | შენახვის ვადა |
|---|---|
ანგარიშისა და ლოიალობის პროგრამის მონაცემები | ანგარიშის/მონაწილეობის მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ან თანხმობის გამოხმობიდან 3 წლის განმავლობაში |
შეკვეთების, ტრანზაქციებისა და მიწოდების ისტორია | 3 წელი ანგარიშის დახურვიდან, ხოლო საგადასახადო და საბუღალტრო დოკუმენტაცია - კანონმდებლობით დადგენილი ვადით |
ფარმაკოზედამხედველობის ჩანაწერები | კანონმდებლობითა და მწარმოებლის მოთხოვნებით დადგენილი ვადით |
პირდაპირი მარკეტინგის მონაცემები და თანხმობის აღრიცხვა | პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და მისი შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში |
ვიდეო- და აუდიოჩანაწერები | შიდა წერილობითი აქტით განსაზღვრული ვადით (იხ. 9.5 პუნქტი) |
მიმართვები, საჩივრები და კომუნიკაცია | განხილვის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში |
13.2. დავის, გამოძიების, სამართლებრივი მოთხოვნის ან ლეგიტიმური ინტერესის დაცვის საჭიროებისას, მონაცემები შესაძლოა შევინახოთ ზემოაღნიშნულზე ხანგრძლივი ვადით - ასეთი საჭიროების არსებობამდე. ვადის გასვლის შემდეგ მონაცემებს ვშლით, ვანადგურებთ ან ვახდენთ მათ დეპერსონალიზაციას.
მუხლი 14. მონაცემთა უსაფრთხოება
14.1. ვიყენებთ სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების, დაკარგვისა და სხვა უკანონო დამუშავებისგან დასაცავად, მათ შორის: წვდომის შეზღუდვას „საჭიროების პრინციპით“, წვდომისა და ცვლილებების აღრიცხვას, მრავალფაქტორიან ავთენტიფიკაციას, დაშიფვრას, მომსახურების მიმწოდებლების სახელშეკრულებო ვალდებულებებს და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას.
14.2. ინციდენტის შემთხვევაში ვმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, საჭიროებისამებრ ვატყობინებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და თქვენ.
VI. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
მუხლი 15. თქვენი უფლებები
15.1. კანონით დადგენილი პირობებითა და ფარგლებში, გაქვთ შემდეგი უფლებები:
უფლება | შინაარსი |
|---|---|
ინფორმაციის მიღება | გაიგოთ, ვამუშავებთ თუ არა თქვენს მონაცემებს, რა საფუძვლითა და მიზნით, საიდან მოვიპოვეთ, ვის გადავეცით და რა ვადით ვინახავთ |
გაცნობა და ასლის მიღება | გაეცნოთ თქვენს მონაცემებს და მიიღოთ მათი ასლი |
გასწორება, განახლება, შევსება | მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემის გასწორება |
დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება | მოითხოვოთ დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება |
დაბლოკვა | მოითხოვოთ დამუშავების დროებით შეჩერება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში |
გადატანა | მიიღოთ ავტომატურად დამუშავებული მონაცემები სტრუქტურირებული ფორმით ან მოითხოვოთ მათი სხვა პირისთვის გადაცემა, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია |
ავტომატიზებული გადაწყვეტილება | არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებას, კანონით დაშვებული გამონაკლისების გარდა |
თანხმობის გამოხმობა | ნებისმიერ დროს გამოიხმოთ გაცემული თანხმობა, იმავე ფორმით, რომლითაც გაეცით |
15.2. უფლების განსახორციელებლად მოგვმართეთ ამ პოლიტიკაში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე. ეჭვის გამორიცხვის მიზნით, შესაძლოა მოგთხოვოთ ვინაობის დადასტურება.
15.3. მოთხოვნას ვპასუხობთ კანონით დადგენილ ვადაში - როგორც წესი, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით; დაბლოკვის მოთხოვნაზე - არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. უფლებების განხორციელება უსასყიდლოა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა (მაგ., ასლის განსხვავებული ფორმით ან განმეორებით მოწოდება), რის შესახებაც წინასწარ გაცნობებთ.
15.4. თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვა პირთა უფლებების, სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაცავად, ან როდესაც დამუშავება გრძელდება თანხმობისგან განსხვავებული საფუძვლით. უარის შემთხვევაში გაცნობებთ მის საფუძველსა და გასაჩივრების წესს.
მუხლი 16. საჩივრის წარდგენა
16.1. თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი მონაცემები არამართლზომიერად მუშავდება, გთხოვთ, პირველ რიგში მოგვმართოთ საკითხის გადასაწყვეტად. ასევე, უფლება გაქვთ, კანონით დადგენილი წესით მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
VII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 17. პოლიტიკის ცვლილება
17.1. ვიტოვებთ უფლებას, ცალმხრივად განვაახლოთ პოლიტიკა. მოქმედი ვერსია ყოველთვის განთავსებულია ბმულზე https://gpc.ge/ka/privacy-policy. არსებითი ცვლილებების შესახებ გაცნობებთ პლატფორმის ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით. თუ ცვლილება თქვენს თანხმობას საჭიროებს, შესაბამის დამუშავებას დავიწყებთ მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ.
მუხლი 18. საკონტაქტო ინფორმაცია
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: სს „გეფა“ (ს/ნ 201991229), საქართველო, ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №24ა; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: (+995 32) 2 71 07 07.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ნიკა ნანობაშვილი; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: 555 54 65 65.