პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ceftriaxone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მესამე თაობის ცეფალოსპორინები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ფლაკონი შეიცავს 1.0 გ ცეფტრიაქსონს (ნატრიუმის მარილის სახით).
ჩვენებები
ცეფტრიქსონის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები: სეფსისი, მენინგიტი; მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (მაგ., პერიტონიტი); ძვლების, სახსრების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ინფიცირებული ჭრილობები; შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები; სასუნთქი სისტემის ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი); გონორეა და სხვა; ოპერაციისშემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
ცეფტრიქსონი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (ნაკადურად ან წვეთოვნად).
კუნთში შეყვანისას გამხსნელის სახით გამოიყენება 3.5 მლ 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი - 1 გ პრეპარატი იხსნება 3.5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში.
პრეპარატის ვენაში შეყვანისას დაუშვებელია გამხსნელის სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გამოყენება!
ვენაში ნაკადურად შეყვანისას 1 გ პრეპარატი იხსნება 10 მლ, ხოლო 0.5 გ - 5 მლ სტერილურ საინიექციო წყალში. ვენაში ხსნარი შეჰყავთ ნელა 2_4 წთ-ის განმავლობაში.
ვენაში წვეთოვნად შეყვანისას 2 გ პრეპარატი იხსნება 40 მლ ერთ-ერთ შემდეგ ხსნარში: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარი, 5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზის საინიექციო ხსნარი, 5%-იანი ფრუქტოზის საინიექციო ხსნარი. ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე. ინფუზიის ხანგრძლივობაა არანაკლებ 30 წთ-ისა.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში პრეპარატის დოზაა 1-2 გ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზას ზრდიან 4 გ-მდე (სასურველია დოზის 2 მიღებაზე გაყოფა და ყოველ 12 სთ-ში შეყვანა).
14 დღემდე ახალშობილებში ცეფტრიქსონის დოზაა 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში.
15 დღიდან 12 წლამდე ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში (სასურველია დოზის 2 მიღებაზე გაყოფა და ყოველ 12 სთ-ში შეყვანა).
მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-14 დღე. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 2-3 დღე. მძიმე ინფექციური დაავადებების დროს შესაძლებელია ხანგრძლივი თერაპია.
გვერდითი მოვლენები
დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები. იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, პლაზმაში კრეატინინის დონის გაზრდა, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარება და სხვა.
აღნიშნული არასასურველი რეაქციები ძირითადად სპონტანურად გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ცეფტრიქსონის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
ცეფტრიაქსონს აქვს უნარი, განდევნოს შრატის ალბუმინთან დაკავშირებული ბილირუბინი, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში ცეფტრიქსონი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გარდამავალი ხასიათის ენცეფალოპათიური მოვლენების განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
371
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად