ამბროქსოლის ტაბლეტები ნაჩვენებია სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით.
1 ტაბლეტი შეიცავს: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი-30.0მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი 30, ტალკი.
ამბროქსოლის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია; ბრონქული ასთმა; ბრონქოექტაზიური დაავადება.
აბსოლუტური უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ ან მზა პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ეპილეფსიური სინდრომი; 2 წლამდე ბავშვები (ბავშვებისათვის არსებობს წამლის სხვა ფორმა: ბრონქოდილის სიროფი).
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, ბრონქოდილის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განისაზღვრება თანაფარდობა პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის.
ბრონქოდილის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად (მაგალითად: წყალი, წვენი ან ჩაი). მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90მგ-დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (60მგ-დღე-ღამეში). 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პირველი ორი დღის განმავლობაში ნახევარი ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45მგ-დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (30მგ-დღე-ღამეში). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ბრონქოდილის მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.
იშვიათად ვითარდება სისუსტე, თავის ტკივილი, პირის ღრუსა და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეგზანთემა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამბროქსოლის მიმართ ტოლერანტობა მაღალია 25მგ-კგ-მდე დოზებში. სიმპტომები: ნერწყვდენის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან პირველი 1-2 საათის განმავლობაში, ცხიმის შემცველი საკვები პროდუქტების მიღება; აუცილებელია ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი და, აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.